დაღესტნელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ ბოევიკების მიერ საზღვრის გადაკვეთა საეჭვოა, თუმცა არ ამტკიცებს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.
საქართველო-დაღესტნის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაღესტნის ცუნტინის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ აბდულა ტაგიროვმა.
მისი თქმით, დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების გადასვლა საეჭვოა.
`ჩვენი რაიონის საქართველოსთან საზღვრის მონაკვეთი, დაახლოებით 140 კილომეტრია. კარგად გამყოფი ხაზის გავლება რელიეფის სირთულის გამო შეუძლებელია, თუმცა საზღვარი კარგადაა დაცული თვალთვალის თანამედროვე საშუალებებით,~ - განაცხადა ტაგიროვმა.
ის ამბობს, რომ ოპერატიული მონაცემებით, ამ მაღალმთიანი რაიონის ტყეებში დაახლოებით 10 ბოევიკი იმალება.
`30 აგვისტოს სამართალდამცავები მათთან ბრძოლაში ჩაებნენ. სპეცოპერაციის შედეგად სოფელ შაიტლის რაიონში განადგურებულ იქნა 3 ბლინდაჟი, სადაც საბრძოლო მასალა, პროდუქტები, კამუფლაჟები და ქალის ტანსაცმელი ინახებოდა~ - განაცხადა ჩინოვნიკმა.
როგორც სააგენტო `რეგნუმი~ წერს, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა თითქოსდა, გამიზნულად შეგზავნეს საქართველოში დივერსანტები ჩრდილოეთ კავკასიიდან, ტაგიროვმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები არ არის გამყარებული მტკიცებულებებით.
`რუსეთის ხელისუფლებას თავისი პრობლემებიც სამყოფი აქვს, ჩვენ საქმე არ გვაქვს საქართველოსთან,~ - განაცხადა ცუნტინის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ.
Internet.ge