საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარული სხდომა 26 მაისს ქუთაისში გაიმართება.
როგორც კომიტეტის დღვანდელ სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის პარლამენტში, სხდომები სხვა დროსაც ჩატარდეს.
მისი თქმით, პარლამენტის სხდომის გამართვა ქუთაისში, არავითარ შემთხვევაში წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან არ მოდის.
„მოქმედი პარლამენტის ადგილისმყოფელის შესახებ კონსტიტუციაში არაფერი წერია. რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი 26 მაისს ქუთაისში დაგეგმილ პლენარულ სხდომას უკავშირდება და ქუთაისში მშენებარე შენობის ის ნაწილი, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზს მოიცავს, 26 მაისისთვის მზად იქნება“, – დასძინა მან.
კომიტეტი, დღეს, პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდა, რომლის მიხედვით, 2012 წლის 1 მაისიდან საკანონმდებლო ორგანოს სხდომები ქუთაისში გაიმართება.
ახალი კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.
Internet.ge