ვოლონტე: მოახლოვებული არჩევნები ლაკმუსის ტესტია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს შეამოწმებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეშფოთებულია იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიმჩნევა.
ამის
შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლუკა
ვოლონტემ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი
თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა გულდასმით აკვირდება საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს.
„დელაგაცია შეშფოთებულია იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო რომელიც შეიმჩნევა დაპირისპირებულ მხარეებს შორის და რომელიც საკმაოდ არასასურველ ჩრდილს აყენებს საარჩევნო კამპანიას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავი შეიკავონ საარჩევნო პერიოდში ასეთი ნეგატიური კამპანიის წარმოებისგან და ამომრჩევლებს გააცნონ თავიანთი პლატფორმა ის, თუ რას სთავაზობენ მათ“, –
აღნიშნა მან.
ვოლონტეს განცხადებით, 1–ელ ოქტომბერს მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში და ის იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს აქტიურად შეამოწმებს.
„ხელისუფლებამ და ყველა საარჩევნო სუბიექტმა აუცილებლად უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული, ინკლუზიური კამპანიისათვის გარემო და ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან რომელიც
გაზრდის დაძაბულობას“, –
დასძინა მან.
Internet.ge