საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბათუმისა და
ქუთაისის ციხეებში არსებული მდგომარეობა პირადად შეამოწმა. პრემიერი პატიმრების
კვების რაციონითაც დაინტერესდა.
მერაბიშვილმა დაწესებულებაში შესულ პატრულის თანამშრომლებს დახმარებისთვის
მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლები ციხეებში მანამ
დარჩებიან სანამ სასჯელაღსრულების უწყების ახალი გუნდი არ ჩამოყალიბდება.
„სულ მალე ახალი ციხის მშენებლობა იგეგმება, ცოტახანი ჩვენთან უნდა
იყოთ. მანამ, სანამ პენიტენციალური სისტემა თავიდან ბოლომდე არ გამოიცვლება.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ისეთივე ნდობის ხარისხით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც
სარგებლობთ თქვენ. ერთის მხრივ ჩვენი საზრუნავი მოსახლეობის კრიმინალისგან დაცვაა.
თუმცა ჩვენვე უნდა ვუზრუნველვყოთ იმ ადამიანების უფლებების დაცვა, რომლებიც
იზოლირებულნი არიან“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში სტრუქტურული ღონისძიებები 2
დღეში დასრულდება.
დღესვე, პრემიერი პენიტენციალურ დაწესებულებასთან მყოფ პატიმრების მშობლებსაც გაესაუბრა და
სპეციალური ბრძანება გასცა, რომ მშობლებს პატიმართან გასაუბრების საშუალება
მიეცეს.
„პატიმრებთან ადვოკატები დაუყოვნებლივ შეუშვით, მშობლებს კი შვილებთან
ტელეფონით გასაუბრების საშუალება მიეცით. პირადად მე გავაკონტროლებ თითოეული
პატიმრის მდგომარეობას. თქვენი შვილების
უსაფრთხოების გარანტი პირადად მე ვარ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
internet.ge