აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტში საქართველოში
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა - იუწყება „რადიო თავისუფლება“.
„რამდენად თავისუფალი და სამართლიანია წინასაარჩევნო კამპანია და
როგორი უნდა იყოს აშშ-ის მთავრობის რეაქცია“ - ამ საკითხზე მომხსენებლები იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე
თომას მელია, რუსეთისა და ევრაზიის და საერთაშორისო ენერგოპოლიტიკის კვლევის
ცენტრის, „ჰერიტიჯ ფაუნდეიშნის“
მეცნიერ-თანამშრომელი არიელ კოენი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ასევე, ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვების კვლევის
ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი და
საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის თანამშრომელი არჩილ გეგეშიძე.
არიელ კოენის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი არჩევნები
„განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ ვინ და როგორ მართავს საქართველოს, არამედ ის
გადამწყვეტი იქნება აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობისთვის“.
თომას მელია კი საქართველოს ტელევიზიებით გავრცელებულ
პატიმრების მიმართ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალებს შეეხო და განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწრაფად იმოქმედა, ჩემი აზრით, - სწორად, - როცა შეცვალა, საპატიმროთა ზედამხედველობის მინისტრი. ახალი
მინისტრი სახალხო დამცველია, რომელსაც კარგი რეპუტაცია აქვს ამ სფეროში, ის არის
ერთ-ერთი, ვინც თვალყურს ადევნებდა საპატიმროებში მდგომარეობას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
Internet.ge