მიხეილ სააკაშვილი: ოკუპანტს სურს 2008 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე უახლოეს კვირაში მიიყვანოს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რაც გლდანის მე-8 საპყრობილეში მოხდა საშინელი რამ არის, ყველამ დიდი შოკი მიიღო, მაგრამ ახლა თვალების ფართოდ გახელის დროა.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, თბილისის იუსტიციის სახლის გახსნისას გააკეთა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, რუსეთის არმია ატარებს მანევრებს და დაფიცებული აქვს ოკუპანტს, რომ 2008 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე უახლოეს თვეებში და კვირებში მიიყვანოს.
„ჩვენ მთლიანად დავშალეთ სისტემა, რომელმაც მარცხი დაუშვა. ახალი მინისტრი გვყავს, რომელიც ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო ამ სისტემის, ასევე ახალი შსს მინისტრი გვყავს, ეს ორი ადამიანი ისევე წარმოადგენს ახალ საქართველოს, როგორც ეს შენეობა, რომელსაც დღეს ვხსნით. ჩემი მოვალეობაა ბოლომდე აღმოვფხვრათ წარსულის გადმონაშთები, საქართველო გათავისუფლდება წარსულის მარწუხებისგან“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ვინმემ უნდა დასვას კითხვა, რისთვის ინახავდნენ იმ ვიდეოებს, სადაც პატიმართა წამებაა აღწერილი.
„პასუხი მარტივია, ინახავდნენ არჩევნებისთვის, რადგან უნდათ, რომ საქართველო წარსულში დააბრუნონ. რამდენი ბინძური ფულიც არ უნდა დაიხარჯოს ჩვენ წინააღმდეგ, საქართველო უკან არ დაბრუნდება. დიდი რაოდნეობის რუსული ფულია შემოსულია საქართველოში. ყველამ დიდი შოკი განვიცადეთ, მაგრამ ახლა თვალების ფართოდ გახელის დროა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge