კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
ხელისუფლება დევნილებს დახმარებას პოლიტიკური ერთგულების მიზნით უწევს.
როგორც ზუგდიდში გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ
დევნილების ღირსეული ცხოვრება ვერ უზრუნველყო და ეს უნდა დამთავრდეს. მისი თქმით,
მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება.
ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ვეტერანებსა და
ჯარისკაცებზეც გაამახვილა. კოალიციის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება ვეტერანებს
ისე ექცევა, როგორც ზედმეტ ბარგს, რასაც ისინი გამოასწორებენ.
„გაცილებით მეტს გავაკეთებთ როცა ხელისუფლებაში მოვალთ, ვიდრე
გპირდებით. მივხედავთ ქართულ სოფელს და ავაღორძინებთ მას. ალასანიამ დამარწმუნა,
რომ პრობლემების მოგვარება ზუგდიდიდან უნდა დავიწყოთ, ამიტომ, როცა ხელისუფლებაში
მოვალთ, ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონ ლარს ჩავდებთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მომავალში ხელისუფლება ყველაზე იზრუნებს და ხალხს
გასაჭირში არ მიატოვებს.
Internet.ge