“რუსეთის ფედერაციას არანაირი
კავშირი არ აქვს საქართველოში განვითარებულ „წამების სკანდალთან,“ - განაცხადა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
რუსული მედიის ცნობით,
კარასინმა აღნიშნა, რომ „მოსკოვის გავლენაზე მინიშნება სასაცილოა, რადგანაც ეს არ
არის გამყარებული არანაირი ფაქტებით“.
კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში „ვიღაც შეგნებულად ავრცელებს მითს იმასთან
დაკავშირებით, რომ სამხედრო სწავლება
„კავკაზ 2012“ საფრთხეს წარმოადგენს“.
საქართველოში ბოლო
დღეებში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ადამიანის
უფლებათა საკითხებში კონსტანტინ დოლგოვიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ
„დასაფიქრებელია, შეუძლია თუ არა
საქართველოს ხელისუფლებას გარანტირებულად უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა
და კანონის უზენაესობა“.
დოლგოვმა საერთაშორისო
ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა, კერძოდ, იმედი გამოთქვა, რომ პატიმართა
წამების ფაქტების გახმაურების შემდეგ თავის შეფასებას გააკეთებს გაეროს წამების
წინააღმდეგ კომიტეტი და ევროპის შესაბამისი ორგანოები.
Internet.ge