საქართველოს პრეზიდენტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, გიორგი ტუღუშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პენიტენციალურ სისტემაში ბოლო დროს
განხორციელებულ ცვლილებებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის თვალს ადევნებს
მიმდინარე პროცესებს და თვლის, რომ ყველგან წესრიგი დამყარდა.
გიორგი ტუღუშის
განცხადებით, ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დროისთვის სიმშვიდეა.
„შემჭიდროებული ვადების მიუხედავად, ბევრი რამ შეიცვალა, დღეს გამოქვეყნდა
სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები, სადაც ადასტურებენ, რომ სათითაოდ ყველა
დაწესებულებაში ასეულობით პატიმარი გამოიკითხა, რომლებიც აცხადებენ, რომ მსგავს
ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია. რა თქმა უნდა, სტანდარტი მაქსიმალურად იქნება
შენარჩუნებული,“- განაცხადა ტუღუშმა.
პრეზიდენტის თქმით, ახლა სისტემაში მუდმივი მონიტორინგია
საჭირო.
„ღმერთმა არ ქნას, რომ ორგანიზებულმა დანაშაულმა გააგრძელოს ფათური
ციხეებში, ჩვენ ამას უკიდეურესად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენ
უნდა შევძლოთ ამ პასუხისმგებლობის მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ. ახლა მაინც, მთელი
სახელმწიფო,“-განაცხადა პრეზიდენტმა.
Internet.ge