საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიის შემდეგ, მხარეებმა მოლაპარაკებათა დარბაზში გადაინაცვლეს.
უნგრეთის პრემიერმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. უნგრულმა მხარემ გამოთქვა სურვილი სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი პროექტები განხორციელდეს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე დახვდა.
ვიქტორ ორბანი დღესვე, ზაალ სამადაშვილთან ერთად, გმირთა მოედანზე მივიდა, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და საკვები ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.
internet.ge