უნგრეთის
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს ქუთაისის აეროპორტის გახსნას დაესწრო და
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, აეროპორტის
გახსნა ამტკიცებს, იმას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სწორი კურსი
აირჩიეს, ამ კუთხით კი საქართველოს პოლიტიკა უნგრეთისთვის ღირებულია.
„დღეს საქართველოს წარმატებას ვზეიმობთ,
რადგან მესამე საერთაშორისო აეროპორტი იხსნება. ხუთი უნგრული კომპანია მონაწილეობდა
მშენებლობაში და ეს კარგი შესაძლებლობა იყო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის. ჩვენ
ვხედავთ თანამშრომლობას და მეგობრობას ჩვენს ხალხს შორის. ვამაყობ, რომ
შესაძლებლობა გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო იმ ქვეყნის წარმატებაში, რომელიც
ძალისხმევას არ იშურებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. შეგიძლიათ ამ გრძელ
გზაზე, ჩვენი დახმარების იმედი გქონდეთ“,- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, უნგრეთი საქართველოს მხარს
უჭერს და ქვეყანას მისი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს.
„ჩვენ, უნგრელები, თავისუფლების მოყვარული ერი ვართ. ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ
დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ერებს, რომლებსაც
სურთ იყვნენ დამოუკიდებლები და ასეთი საქართველოა. შეგიძლიათ რთული პოლიტიკური
სიტუაციის დროს ჩვენი იმედი გქონდეთ“,- დასძინა პრემიერმა.
internet.ge