რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
რეგიონთაშორისი და საზღვარგარეთის ქვეყნებთან
კულტურული კავშირების განყოფილებას აუქმებენ, რომელსაც ბოლო 4 წლის
განმავლობაში სერგეი ვინოკუროვი ხელმძღვანელობდა.
ვლადიმერ პუტინის ახალი ადმინისტრაციის
სტრუქტურაში ასეთი რგოლის არსებობა გათვალისწინებული აღარ არის. ამის შესახებ „ია
რეგნუმს“ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოდან აცნობეს. ექსპერტების თქმით,
ვინოკუროვის ხელმძღვანელობით მომუშავე განყოფილების გაუქმების მიზეზი სწორედ
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის მიერ ბოლო პერიოდებში განცდილი
მარცხია.
კერძოდ, აღნიშნული განყოფილება აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონში, ისევე როგორც დნესტრისპირეთში, მნიშვნელოვან პროცესებს
კრემლის სახელით კურირებდა და მხოლოდ ის მოახერხა, რომ მოსკოვს ადგილობრივი
მოსახლეობის თვალში იმიჯი შეურყია. მის იმედზე იყო კრემლი სეპარატისტულ
რესპუბლიკებში არჩევნების ჩატარების დროსაც.
სწორედ ცხინვალის რეგიონის ე.წ.
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა ალა ჯიოევა მიტინგებს მართავდა და ედუარდ კოკოითს
ულტიმატუმებს უყენებდა, ზემოხსენებული ვინოკუროვი მოსკოვი-ცხინვალის გზას ტკეპნიდა
და როგორც მომრიგებელი, ჯიოევას რჩევა-დარიგებებს აძლევდა.
საბოლოო ჯამში კი
მოსკოვის მარცხი „სამხრეთ ოსეთში“, როცა მან ვერ მოახერხა თავისი ფავორიტის
გაყვანა „პრეზიდენტის“ პოსტზე, ვინოკუროვის განყოფილების ცუდი მუშაობის შედეგად შეფასდა.
პუტინს საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში უფრო ჭკვიანი კურატორები სჭირდება. ამიტომაც, მთელი განყოფილება,
თავისი უფროსიანად, გაუქმდა.
Internet.ge