სააკაშვილი: ოპონენტებს ცენტრალური მოედნის გავსება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ყველა მოედანს ვავსებთ
საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ოზურგეთში იმყოფება, სადაც
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალ წელს, თუ ქვეყანა ევროპული
გზით სვლას გააგრძელებს, საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნება ევროპასთან,
გაფორმდება ასოცირების ხელშეკრულება და ნატოს წევრობის რეალური კანდიდატები
გავხდებით.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ბოლო დროს, ბოლო დღეების განმავლობაში,
ხელისუფლებას რუსული მეთოდებით ებრძოდნენ, მაგრამ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანა
წინ წავა და ვერანაირი ფულითა და პროვოკაციებით, მომავალზე ხელს ვერ ააღებინებენ
ქართველ ხალხს.
„ვინც თვლის და წარმოიდგინა, რომ საქართველოს თავისუფლების
დამცველები, ბოლო დროს დააშინა, ძალიან შეცდა, რადგან მათზე ბევრად მეტნი ვართ.
ყოფილა პერიოდები, როცა მოღალატეებს უმძლავრიათ, ქვეყნის ბედი მათ გადაუწყვეტიათ,
მაგრამ ახლა ამას ხალხი გადაწყვეტს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, არსებობენ ოპონენტები, რომლებიც თბილისის
ცენტრალურ მოედანს ავსებენ, მაგრამ მათი ლოზუნგის საპასუხოდ - დააბრუნონ ქვეყანა უკან,
მთავრობა საქართველოს ყველა მოედანს, რაიონს, სოფელსა და ქუჩას ავსებს.
internet.ge