ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში „ქართული კვალის“ აღმოჩენაში
აფხაზებს ვერც რუსები დაეხმარნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში გუშინ ამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს და
ითქვა კიდეც, რომ მათ შორის არიან აფხაზი ბიზნესმენები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ
ანქვაბის ბრძოლას ჩრდილოვან ეკონომიკასთან, დღეს ადგილობრივი გაზეთები აქვეყნებენ
სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ინტერვიუს, რომელშიც ჟურნალისტი ანქვაბზე თავდასხმაში ისევ ქართულ კვალზე
საუბრობს.
„თავდასხმის შემდეგ რუსეთმა შემოგვთავაზა დახმარება ამ
დანაშაულის გამოსაძიებლად. სოხუმში ჩამოვიდნენ რუსეთის „ფსბ“-ს თანამშრომლები.
თავად ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები, შესაძლოა,
საზღვარგარეთიდან ყოფილიყვნენ ჩამოსულები. როგორ მიმდინარეობს გამოძიება და
შეიძლება თუ არა ამ დანაშაულში ქართული კვალის გამორიცხვა?“ - ეკითხება ჟურნალისტი
ჩირიკბას, რომელიც არ უარყოფს „ქართულ კვალს“, თუმცა ამბობს, რომ ჯერ ამაზე
საუბარი ნაადრევია, რადგან გამოძიება ისევ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია,
რომლის თანახმადაც, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის წინააღმდეგ
ტერაქტის შემკვეთები აფხაზეთის მსხვილი ბიზნესმენები იყვნენ. ადგილობრივი
გენპროკურატურის წყაროს თანახმად კი, ანქვაბმა მასზე თავდასხმაში მონაწილეთა
ვინაობა თავიდანვე იცოდა.
„იცოდა
სახელები თავდასხმის შემკვეთებისა. ის გაფრთხილებებს იღებდა ბიზნესმენებისგან,
რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მისი ბრძოლით ჩრდილოვან ეკონომიკასთან“ - წერს „ლაიფ
ნიუსი“.
აფხაზეთის
პროკურატურის მონაცემებით, ანქვაბმა სამართალდამცავებს ეს სახელები მაშინვე უთხრა
და მთელი ამ ხნის განმავლობაში პროკურატურა მტკიცებულებებზე მუშაობდა.
Internet.ge