კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი მოქმედ მინისტრებს მოუწოდებს არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ.
ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საკანონმდებლო უმრავლესობა ნიშნავს, იმას რომ ჩვენ მთავრობაც უნდა ჩამოვაყალიბოთ და გავუძღვეთ ქვეყანას. დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო ორგანოების გამართულ მუშაობაზე, სამოქალაქო წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა ამ მომენტისთვის მოქმედ მთავრობას ეკისრება. მივმართავ ყველას, რომ გააგრძელონ მოვალეობების შესრულება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირებაზე ბიძინა ივანიშვილის გუნდი უკვე მუშაობს.
„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციისთვის მოქმედ მთავრობასთან და პრეზიდენტთან. ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია“,- განმარტა კოალიციის ლიდერმა.
მისი თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტი ქუთაისის ახალ შენობაში შეიკრიბება.
უსუფაშვილის განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მინისტრების პორტფელების შესახებაც.
„კონსტიტუციის მიხედვით, 20 ოქტომბერს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რა დროსაც მინისტრების ვინაობა გაირკვევა“,- დასძინა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მანდატებს, უსუფაშვილის განცხადებით, არსებული მონაცემებით, "რესპუბლიკური პარტია" ახალ პარლამენტში 9 მანდატს მიიღებს.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კობა დავითაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მთავრობის უმრავლესობის დაკომპლექტება დაიწყება.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ახალ მთავრობაში ვერც ერთი მოქმედი მინისტრი ვერ შეინარჩუნებს თანამდებობას. რაც შეეხება სამინისტროებს, ძიძიგურმა განმარტა, რომ კომპეტენტური მუშაკები სამუშაოს გარეშე არ დარჩებიან.
Internet.ge