უკრაინის ექს-პრეზიდენტი
ვიქტორ იუშენკო თვლის, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დემოკრატიამ
გაიმარჯვა. ამის შესახებ მან პოლტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
სადაც აღნიშნა კიდეც, რომ თავად პირადად ჩამოვა საქართველოში.
„იმას, რაც საქართველოში
მოხდა, დემოკრატიის გამარჯვებად ვთვლი, თუმცა, შესაძლოა, დარჩა რამდენიმე
პუნქტი... რომლებზეც ნაციონალური კურსი იქნება დამოკიდებული: როგორც შიდა, ისე
გარე კურსი,“ - განაცხადა იუშენკომ.
მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისში
ჩასვლის შემდეგ შეხვდება როგორც არჩევნებში გამარჯვებულ, ისე დამარცხებულ მხარეს.
იუშენკო აცხადებს, რომ
საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიული პროცესები ურთიერთკავშირშია.
„თავისუფალი საქართველოს
გარეშე რთული იქნება თავისუფალი უკრაინის აშენება და პირიქით,“ - აღნიშნა
ექსპრეზიდენტმა და დასძინა, რომ ორივე ქვეყანაში ახლა „გამოცდა ტარდება“, რომელზეც
დამოკიდებული იქნება „ნაციონალური ყოფის საკითხი“.
Internet.ge