ნატოს სწრაფვა,
გააფართოვოს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, კერძოდ, ალიანსის მოძრაობა
საქართველოსკენ - კონტრპროდუქტიულია - განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების
შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ ტელეკომპანია RT-სთან
ინტერვიუში.
„მე არ შემიძლია პასუხი
გაგცეთ ნატოელების ნაცვლად, მე უბრალოდ მესმის განცხადებები, რასაც ისინი
აკეთებენ. ისინი ამბობენ, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის დახურული არ არის. ეს
არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ОДКБ-ს ყველა სახელმწიფოს პოზიცია, რომ ნებისმიერი
მექანიკური გაფართოება სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისა, ეწინააღმდეგება იმ
შეთანხმებებს, რომლებიც 90-იან წლებში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით
არსებობდა,“ - განაცხადა ბორდიუჟამ.
მან საქართველოს
საზღვრების „პრობლემაზეც“ ისაუბრა და ასეთი რამ განაცხადა:
„ამიტომაც, ჩემი აზრით, ასეთი მოძრაობა საქართველოს მიმართულებით, კიდევ უფრო
აძლიერებს ნეგატიურ ტენდენციებს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის სიტუაციაში“.
ამასთან, ბორდიუჟამ
ყურადღება გაამახვილა ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების
ირგვლივ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ფორმირებაზე - უპირველეს ყოვლისა, რუსეთისა
და ბელორუსის სიახლოვეს.
როგორც მან
განმარტა, მოსკოვს აწუხებს „ბულგარეთსა და რუმინეთში მოწინავე ბაზების შექმნა,
ასევე ანტისარაკეტო თავდაცვის წერტილების შექმნა, საქართველოს ინტენსიური
შეიარაღება და სხვა ბევრი რამ“.
„ნებისმიერი
ინფრასტრუქტურა რაღაც ამოცანისთვის იქმნება. თუ ეს სამხედრო ინფრასტრუქტურაა,
მაშასადამე, არსებობს სამხედრო ამოცანა. რომელ ქვეყნებთან მიმართებაში? რისთვის
იხარჯება ასობით მილიონი დოლარი ახალი ობიექტების შესაქმნელად, მათ შორის,
სარადარო მოწყობილობებისთვის? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ირანის წინააღმდეგ, მაგრამ
ჩვენ გვესმის, რომ ეს ასე არაა,“ - აღნიშნა ბორდიუჟამ და დასძინა, რომ ნებისმიერმა
სახელმწიფომ უნდა მიიღოს ადექვატური ზომები წარმოქმნილი საფრთხეების
ნეიტრალიზებისათვის.
Internet.ge