ევროპელმა კოლეგებმა გრიგოლ ვაშაძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს
საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფება. ვიზიტის
ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა უკვე გამართა, ლუქსემბურგელ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრეს. აღინიშნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა.
საგარეო
საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მიერ, ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები და ხაზი გაუსვეს ამ პროცესის განგრძობითობის აუცილებლობას. ამასთან, საუბარი შეეხო ორმხრივი პარტნიორული და საერთაშორისო დონის მნიშვნელოვან საკითხებს.
შეხვედრის
დასასრულს,
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ.
ასევე, გრიგოლ ვაშაძემ ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთის, რუმინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს; ხაზი გაესვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალ დონესა და მის მნიშვნელობას.
„ევროპელი მინისტრები დაინტერესდნენ ხელისუფლების გადაბარების პროცესის მიმდინარეობითა და საქართველოს შემდგომი საგარეო პოლიტიკური კურსით. აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკისადმი“,-
ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპელმა
კოლეგებმა
მადლობა გადაუხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
internet.ge