ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს,
რომ საქართველომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით ახალგაზრდა დემოკრატიებს
მაგალითი მისცა.
როგორც თბილისში გვიან ღამით ჩამოსულმა აპატურაიმ ჟურნალისტებს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, ეს არჩევნები ქვეყნისთვის ისტორიული
მომენტია.
„ამ ქვეყნის დიდი ხნის მეგობარი ვარ.
საქართველოში ძალაუფლების ნამდვილი დემოკრატიული გადაცემა ხდება. ეს თქვენი
ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია საქართველომ მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიებს
მაგალითი უჩვენა“,- აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის მოქმედი და მომავალი მთავრობის
წევრებს შეხვდება.
„ჩემი მთავარი გზავნილი იქნება, რომ ნატო რჩება ბუქარესტში მიღებული
გადაწყვეტილების ერთგული, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა
აუცილებლად გახდება. მინდა დადებითად შევაფასო ის ფაქტიც, რომ ქვეყანამ თავისი
არჩევანი საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირა და მთავრობის ცვლილება ქუჩის აქციებით არ
მოხდა“,- დასძინა აპატურაიმ.
შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და პრემიერობის
კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან.
მათი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრის ბოლოს საქართველოში ნატოს წევრი
ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ჩამოვლენ და ქვეყანაში სამხედრო სფეროში
გატარებულ რეფორმებს გაეცნობიან.
Internet.ge