მერვე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას დღეს 13:00 საათზე, ოფიციალურად შეუდგება. ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის და სპიკერის არჩევამდე, სხდომას უხუცესი დეპუტატი, 75 წლის ვანო კიღურაძე წარუძღვება.
სხდომას დაესწრებიან - ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები. ამასთან, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბიძინა ივანიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ასევე, ამავე სტატუსით იქნებიან სხდომაზე წარმოდგენილები მომავალი მინისტრობის კანდიდატები. კერძოდ, ისინი ადგილს დარბაზის მარცხენა კუთხეში დაიკავებენ, ხოლო მოქმედი მთავრობის წევრები მარჯვენა კუთხეში.
პირველ სხდომაზე, საკითხების განხილავა შემდეგი თანამიმდევრობით მოხდება: აირჩევა – პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, შეიქმნება კომიტეტები და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მათი თავმჯდომარეები აირჩევა, ასევე რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
რაც შეეხება პარლამენტის მუშაობის დაწყებას, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას შეუდგება, თუ ცეესკო არჩეულად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს გამოაცხადებს. პირველი სხდომა კი, შეიძლება გაიხსნას, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება (რეგისტრაცია გაიარა).
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს ცესკოს თავმჯდომარე კითხულობს. შემდეგ, პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ – „ვფიცავ“ და ამ ტექსტს ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება კი, წინა მოწვევის პარლამენტს უწყდება.
პირველ სხდომაზე კენჭისყრა ელექტრონული სისტემით იმართება. საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება ბიულეტენებით გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, სადაც 2 150 197 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველთა 54.97 პროცენტმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, ხოლო 40.34 პროცენტმა „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 150 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, სადაც ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ 65 დეპუტატი ეყოლება, ხოლო ხელისუფლებაში მყოფ „ოცნებას“ - 85.
Internet.ge