ტელეკომპანია სი-ენ-ენის მიერ ჩატარებული ბლიც-გამოკითხვის შედეგებით, ფინალურ საპრეზიდენტო დებატებში გამარჯვებული ბარაკ ობამაა.
ტელეკომპანიის მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ დებატებში ობამა უფრო დამაჯერებელი იყო, 40% კი ამ აზრს რომნის მიმართ გამოთქვამს.
დებატების მესამე, დასკვნითი ეტაპი ფლორიდის შტატში ჩატარდა, სადაც ოპონენტებმა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იკამათეს. თუმცა გაირკვა, რომ საგარეო პოლიტიკური საკითხები ამერიკელთა 10 პროცენტზე ნაკლებს მიაჩნია მნიშვნელოვან თემად, რომელიც არჩევნებზე მოახდენს გავლენას.
ბარაკ ობამამ რომნი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან რუსეთს აშშ-ისთვის მთავარი გეოპოლიტიკური საფრთხე უწოდა. მან მიუთითა ოპონენტს, რომ ცივი ომი დიდი ხანია დამთავრებულია და რომ რომნი 80-იანი წლების პოლიტიკის დაბრუნებისკენ ისწრაფვის.
მით რომნიმ კი აღნიშნა, რომ რუსეთს საგარეო პოლიტიკური საფრთხე ირანის ბირთვულ პოლიტიკასთან მიმართებაში უწოდა, რადგან რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში წინააღმდეგობას სწევს. მან ასევე დასძინა, რომ ბარაკ ობამა არასაკმარის ძალისხმევას იჩენს ირანის პრობლემის მიმართ და მიიჩნევს, რომ ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.
ანალიტიკოსების აზრით, დებატებმა აჩვენა, რომ საგარეო პოლიტიკურ ხედვაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დიდი განსხვავება არ არის. არც ერთს არ უხსენებია ირანის ბირთვული ობიექტების დამომბვა, ორივემ განაცხადა, რომ წინააღმდეგია სირიის კონფლიქტში პირდაპირი ჩარევისა და ორივე კანდიდატი ემხრობა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გეგმის თანახმად გამოსვლას.
Internet.ge