საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს,
ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძეს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სატელეფონო საუბრისას, რომელიც ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა,
ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის
ქარტიას; იმსჯელეს ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს
მონაწილეობის საკითხზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული
შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში გამართული საპარლამენტო
არჩევნების შესახებ. ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძეს არჩევნებში
მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი 2012 წლის ნოემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტით
მიიწვია.
internet.ge