პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მას
შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომელიც პარლამენტის როლის გაზრდას
ითვალისწინებს, პარლამენტარების პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმების მიმართ
ყურადღება გაიზარდა.
როგორც კონფერენციის - "ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის
წევრთათვის“ გახსნისას, მაჭავარიანმა განაცხადა, 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი
ცვლილებების მიზანი იყო ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან შერეულ
სისტემაზე გადასვლა.
მისი თქმით, რეფორმის შედეგად, 2012 წლის
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ცენტრი საკანონმდებლო ორგანოში
გადაინაცვლებს.
„რეფორმის განხორცილებაში ოპოზიციაც მონაწილეობდა
და ამან ჩვენს პოლიტიკურ კულტურას მეტი დემოკრატიულობა შესძინა. პარლამენტის როლის
გაზრდამ თავის მხრივ ეთიკის კოდექსის
მიმართ ყურადღების გაზრდა გამოიწვია. ძალზე
მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით აქვს როგორც ქართულ მხარეს, ასევე სხვა ქვეყნებსაც“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაში ქართველ
პარლამენტარებთან ერთად მონაწილეობენ - პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს და
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE ODIHR) ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
პარლამენტმა ეთიკის კოდექსი 2004 წლის 12
ოქტომბერს მიიღო, რომელშიც პარლამენტარებისთვის
სავალდებულო ძირითადი პროფესიული და ეთიკური სტანდარტებია ასახული.
Internet.ge