ბელორუსიამ
საქართველოს
სუვერენიტეტისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ ვაშაძის უწყება
ავრცელებს.
საგარეო
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციები გაიმართა.
ქართული
მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა, საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტების,
აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა.
ბელორუსის
მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის, აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.
განხილული
იყო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მხარეებმა კვლავ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპებისადმი,
მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი.
განსაკუთრებული
ყურადღება
დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოშორისი კომისიის პირველი სხდომის ოქმით გათვალისწინებული საკითხების რეალიზაციასა და მორიგი სხდომის სავარაუდო დღის წესრიგს.
მხარეები
შეთანხმდნენ,
რომ გააგრძელებენ მუშაობას სამთავრობოშორისი კომისიის მე-2 სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის გაფართოებასა და სრულყოფაზე.
Internet.ge