კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი, საკონსტიტუციო
ცვლილებებზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა
შევიდეს და პარლამენტის წევრად საარჩევნო
უფლების მქონე ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე შეიძლება აირჩეს.
ბიზნესმენის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გამო მზადდება.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
საქართველოს პრეზიდენტს მიეცა საშუალება მისთვის მოქალაქეობა აღდეგინა, თუმცა ეს
არ გააკეთა.
„მე კანონიერი უფლებები მქონდა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს. მიხეილ სააკაშვილს კი, შეეძლო მოქალაქეობა
დაებრუნებინა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. სააკაშვილი შეშინებულია და ტყუილად არა. კონსტიტუციის დღევანდელი მუხლით კი, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის მეორადი მოქალაქეობა გააჩნია, არ აქვს უფლება პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერის პოსტი დაიკავოს. ახლა
კი, საპირისპირო ნახტომს აკეთებენ. ეს ჩემთვის არ კეთდება, ეს კეთდება სააკაშვილისთვის“,- განაცხადა
ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერმა, გიორგი
თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის
საკითხს ეხება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და საყოველთაო–სახალხო
განხილვის კომისიას გადაუგზავნა.
თარგამაძის განცხადებით, კონსტიტუციის 49–ე
მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს –
საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს
მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს
საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
Internet.ge