პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ჯონდი ბაღათურიას
ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს.
დღევანდელ
პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა,
სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ბანაკებად ხელოვნურად დაყოფა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა და ის
მიზნად ისახავს – საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტის შესუსტებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.
მათი
შეფასებით, ბაღათურიას პროვოკაციული განცხადება მიზნად ისახავდა – ქვეყანაში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების მშვიდობიანი თანაცხოვრების პროცესის დაზიანებას.
„აღნიშნული განცხადება, საქართველოში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნიკურ მრავალფეროვნებას ემუქრება და ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო კავკასიას განიხილავს, როგორც ერთიან რეგიონს და მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს, როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი ისე სამხრეთ კავკასიელი ხალხების კულტურა, ისტორია და მშვიდობიანი ურთიერთობების ტრადიცია“, – ნათქვამია
განცხადებაში.
internet.ge