პარლამენტის თავმჯდომარე, დავით
ბაქრაძე საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ბაქრაძე დღეს, ხონის მოსახლეობას შეხვდა და მათ
ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც
ხელისუფლება ხონის რაიონში გეგმავს.
სპიკერი ხონში საშუალო
წნევის გაზსადენის ქსელის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო,
რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
როგორც ცნობილი გახდა,
ამ გაზსადენის საშუალებით მოსახლეობა უკვე ბუნებრივი აირის მიღებას შეძლებს.
ამას გარდა, პარლამენტის
თავმჯდომარემ ხონელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012
წელს დაგეგმილ სოციალურ და
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება დავით ბაქრაძემ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაში
დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა.
ამასთან, პარლამენტის
თავმჯდომარემ ყურადღება დასაქმებისა
და განათლების საკითხებზე გაამახვილა.
მისი განცხადებით, ხონის რაიონის სკოლები, როგორც საქართველოს ყველა
რეგიონში, გარემონტდება და საჭირო
ინვენტარით აღიჭურვება.
ასევე,
დავით ბაქრაძემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო.
ხონში მოსახლეობასთან
შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ მათხოჯში ჩავიდა, სადაც მდინარე
ცხენისწყალზე სარწყავი წყლის სათავე–ნაგებობაზე
მიმდინარე სარეაბილიტაციო
სამუშაოები დაათვალიერა. ამ პროექტისათვის 171 ათასი ლარია გამოყოფილი, სამუშაოები
ივნისში დასრულდება, რის შემდეგაც სათავე ნაგებობა სარწყავი წყლით ხონის რაიონის
ყველა სოფელსა და სამტრედიის რაიონის სოფლების ნაწილს მოამარაგებს.
ხონის რაიონის სოფელ
მათხოჯის მოსახლეობამ პარლამენტის თავმჯდომარეს
მთელი სოფლის სახელით ლეიკემიით დაავადებული 4 წლის ბავშვის გადასარჩენად
დახმარება სთხოვა. დავით ბაქრაძემ აღუთქვა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს დღესვე საქმის კურსში ჩააყენებს და ყველა შესაძლო
ღონისძიებას მიმართავენ ბავშვის გადასარჩენად.
ხონში სტუმრობისას, პარლამენტის თავმჯდომარე ხონის მე-11-12
საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარში ხონი–სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტთან მეუფე
საბასთან ერთად მივიდა, რომელმაც დავით
ბაქრაძეს წმინდა დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა.
Internet.ge