დიმიტრი მედვედევმა დღეს კიდევ ერთხელ
დაადასტურა, რომ კრემლის ჯერ-ჯერობით აუხდენელი ოცნებაა, საქართველოს პრეზიდენტად
აღარ იხილოს მიხეილ სააკაშვილი. თუმცა,
პრეზიდენტის პოსტს, თავად მედვედევი ემშვიდობება და ამიტომაც, მან ამ სტატუსით
ბოლო ინტერვიუ მისცა რუსეთის ფედერალურ ტელეარხებს და რასაკვირველია,
საქართველოზეც ისაუბრა.
მედვედევის თქმით, „სააკაშვილი - ცარიელი
ადგილია. ნული. ადრე თუ
გვიან, ის წავა პოლიტიკური ისტორიიდან, ხოლო ნებისმიერ სხვა ლიდერთან, რომელიც იქ
გამოჩნდება, - ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, აღვადგინოთ დიპლომატიური
ურთიერთობები და იქამდე წავიდეთ, სადამდეც ისინი იქნებიან მზად“ - იუწყება გაზეთი „ვზგლიადი“.
ამასთან, მედვედევმა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავისი სიყვარული ქართველ ხალხს. „საქართველო, ჩვენთვის ახლობელი
ქვეყანაა, ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი და ძვირფასია“ -
განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, მან საქართველო-რუსეთის ომზეც ისაუბრა. მედვედევმა ისევ გაიმეორა კრემლის ვერსია, რომ ომი
საქართველომ დაიწყო.
„ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი, თავდასხმა ქართული სახელმწიფოს პატარა, ყოფილ
ნაწილებზე, რაც, ყველასათვის ცნობილია, როგორც დასრულდა. ჩვენ იძულებული ვიყავით
გვეცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ
სუბიექტებად,“ - აღნიშნა მედვედევმა.
internet.ge