საქართველო რუსეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 24 აპრილს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ) ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლასა და მექანიზმების მომდევნო შეხვედრებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის არმიღების საფრთხესთან დაკავშირებით.
საქართველო
მოუწოდებს
რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იპრმ-ისა და ჟენევის მოლაპარაკებების
ფარგლებში
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის როლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და უზრუნველყოს ჟენევის მოლაპარაკებებისა
და იპრმ-ის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
ქართული
მხარე ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ჯეროვნად შეაფასოს შექმნილი ვითარება და ჩაერთოს სერიოზულ დიალოგში მოსკოვთან მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, მათ შორის რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების
დაშვების აუცილებლობის თაობაზე.
საგარეო უწყების განცხადებით, ყოვლად მიუღებელია რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მცდელობები, ცალმხრივად შეცვალონ შეხვედრების ფორმატი.
„ქართულ მხარეს სურს ხაზი გაუსვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, როგორც ადგილზე ვითარების განმუხტვისა და ნდობის აღდგენის მთავარ ინსტრუმენტს, მნიშვნელობას. ყოვლად მიუღებელია რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მცდელობები, ცალმხრივად შეცვალონ შეხვედრების ფორმატი და მოდალობები, რითაც საფრთხეს უქმნიან მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
პროცესს. იპრმ-ის, ისევე როგორც ჟენევის მოლაპარაკებების
შეხვედრების
პროცედურული
და დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებულია ყველა მონაწილეს შორის. დამტკიცებული წესების დაცვა აუცილებელია მოლაპარაკებების
დაუბრკოლებელი
მსვლელობის
შენარჩუნებისთვის.
დიალოგის ფორმატების შეფერხებისა ან ჩაშლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა
დაეკისრება
მხოლოდ მოსკოვს“,-
ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებით.
ქართული
მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ განხორციელებული
დემარში წარმოადგენს მხოლოდ ერთ ნაწილს იმ რიგი ქმედებებისა, რომლებიც მიმართულია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტებისკენ.
„გალში
დაგეგმილი
შეხვედრის
ჩაშლას წინ უსწრებდა მოსკოვის მხრიდან ცხინვალის იპრმ-ში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს როლის დაკნინების არაერთი მცდელობა, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის მისიის დამკვირვებელთა შეშვებასა და გაეროსა და ეუთოს სრულფასოვანი მისიების განლაგებაზე უარის თქმა. ევროკავშირის მისიის წინააღმდეგ აღნიშნული და სხვა ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიის არსებობა“,- აცხადებენ სამინისტროში.
Internet.ge