პარლამენტის სპიკერს საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდება
ახალ რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის
თავმჯდომარე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან გადამდგარად ჩაითვლება.
წარმოდგენილი ცვლილებებით, სპიკერს უფლება აქვს
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საჯაროდ
გადადგომის შესახებ განაცხადოს, რის შემდეგაც ამ ფაქტს საკანონმდებლო
ორგანო ცნობად უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ამასთან, რეგლამენტში სპიკერის გადაყენების საკითხიც
არის გათვალისწინებული და ნათქვამია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების
საკითხი პარლამენტის წინაშე წერილობით, შესაძლოა, პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ერთმა მესამედმა დააყენოს, სპიკერის გადაყენების მოთხოვნა წერილობით
უნდა იყოს მოტივირებული.
ცვლილებებით, სპიკერი გადაყენებულად ჩაითვლება, თუ
რეგისტრაცია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა გაიარა და
წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობამ დაუჭირა.
ახალი რეგლამენტი
321 მუხლისგან შედგება და მისი ინიცირება პარლამენტში გუშინ მოხდა.
Internet.ge