დღეს, პარლამენტში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის პროექტზე მსჯელობა მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად, გაიმართება.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი ყველა იმ სფეროს მოიცავს, რომელიც კავკასიელ ხალხს ერთმანეთთან მრავალი საუკუნის განმავლობაში აკავშირებს. კერძოდ, სტრატეგია მოიცავს - ხალხთა შორის კავშირებს, ადამიანის უფლებებს, თავისუფალ მასმედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, ჯანდაცვას, განათლებასა და მეცნიერებას, ისტორიული სამართლის დადგენის ხელშეწყობას, კულტურას, ტრადიციებსა და სპორტს.
სტრატეგიის მიზანია – აღნიშნულ სფეროებში, ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის არსებული კავშირების გამყარება და გაღრმავება. ამასთან, დოკუმენტი ემსახურება მშვიდობისა და ხალხთა შორის მეგობრობის მიზნებს.
დოკუმენტი ისტორიული წარსულით იწყება და აღნიშნულია, რომ საქართველო კავკასიის რეგიონის განუყოფელი ნაწილია და მისთვის კავკასიაში მიმდინარე ყველა პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ქვეყანა უშუალოდაა დაინტერესებული, ჩრდილოეთ კავკასია იყოს სტაბილური, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი, რომლის მოსახლე ხალხებს საშუალება მიეცემათ, მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ.
„ამას კარნახობს, როგორც ქართველი ხალხის მეგობრული დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიმართ, ასევე უშუალოდ საქართველოს ეროვნული ინტერესები“, – ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.
Internet.ge