ხუთწლიანი შესვენების
შემდეგ, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლერი დიდ პოლიტიკას უბრუნდება,
– იტყობინება გაზეთი „The Independent“.
მათივე ინფორმაციით,
ბლერმა დაიწყო შეხვედრები პარლამენტის ლეიბორისტული პარტიის წევრებთან და მათ
ლიდერ ედ მილიბენდთან. ბლერი ყოფილ თანაპარტიელებთან ერთად განიხილავს ქვეყანაში
მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
„მას კვლავ სურს
ინგლისურ პოლიტიკაში ჩართვა. მას აქვს რაღაც სათქმელი და ფიქრობს, რომ ახლა
საამისოდ შესაფერისი დროა. საქმე ისაა, შეძლებს კი იგი ბრიტანულ პოლიტიკურ სცენაზე
ისე დაბრუნდეს, რომ თავი აარიდოს ლეიბორისტული პარტიის გავლენას,“ – ამბობს,
ბლერთან დაახლოებული წყარო.
ბლერი გეგმავს მილიბენდთან
ერთად მივიდეს ივლისში ბრიტანული სპორტის მხარდასაჭერად დაგეგმილ ღონისძიებაზე,
რომელიც ლონდონში გასამართ ოლიმპიურ თამაშებამდე ჩატარდება. მან, ასევე, დაიქირავა
საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი დირექტორი, რასაც ბრიტანული მედია მის
პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს.
ყოფილი
პრემიერის პოპულარობა მას შემდეგ დაეცა, რაც მან მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთსა
და ერაყში ბრიტანული ჯარების მონაწილეობის შესახებ. მან პრემიერ–მინისტრის პოსტი
2007 წელს ლეიბორისტ გორდონ ბრაუნს გადააბარა.
internet.ge