ჯეიმსთაუნის ფონდში გამართული შეხვედრის ერთ-ერთ
საკვანძო თემად საქართველო იქცა. შეხვედრის თემა იყო „ამერიკა, ევროპა და სამხრეთ კავკასია“, თუმცა მოგვიანებით, კითხვა-პასუხის დროს, ყურადღების ცენტრში საქართველო
აღმოჩნდა - იუწყება „რადიო თავისუფლება“.
საქართველოს მიმართ არსებული საგარეო საფრთხეებისა
და აშშ-სთან ურთიერთობის საკითხის გარდა, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც
შეეხნენ. კერძოდ, ანალიტიკოსმა ვლადიმირ სოკორმა საქართველოსთვის ბიძინა ივანიშვილთან
დაკავშირებულ საფრთხეზე ისაუბრა.
სოკორი ფიქრობს, რომ ივანიშვილი „სახელმწიფოს მიტაცებას“ ცდილობს და განმარტავს, რომ ამ ცნებით, ზოგადად, იგულისმხება
მცირერიცხოვანი კომპანიების, ან სამხედრო შენაერთების მიერ სახელმწიფოში
კანონებისა და პოლიტიკური კურსის მანიპულირება საკუთარი, უმეტესწილად ფინანსური
ინტერესების სასარგებლოდ.
„საქართველოში საქმე გვაქვს მილიარდერის
მცდელობასთან, მოახდინოს სახელმწიფოს მიტაცება. ეს არის სახელმწიფოს მიტაცების
კლასიკური მცდელობა. ბატონ ივანიშვილს არამართებულად მოიხსენიებენ ოლიგარქად.
ოლიგარქია ჯგუფური ფენომენია, როცა საერთო ინტერესის გარშემო შექმნილი
მცირერიცხოვანი ჯგუფები და მათი ლიდერები ერთმანეთში ინაწილებენ ძალაუფლებას და
გამუდმებით მიმდინარეობს ამ განაწილებისა და გადანაწილების პროცესი. საქართველოში
არ არის ოლიგარქია. საქმე ეხება ერთ ინდივიდს, რომლის ქონებაც „ფორბსს“ შეფასებული
აქვს 6,5 მილიარდ დოლარად. ეს კი, საქართველოს წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის
ნახევარს შეადგენს. ივანიშვილს შეუძლია, ფულით გაიკვალოს გზა ძალაუფლებისაკენ,” - ციტირებს
სოკორის განცხადებას „რადიო თავისუფლება“.
Internet.ge