პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ბერლინში, კონრად ადენაუერის
ფონდში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და
ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”–ს პარლამენტის პრესსსამსახურიდან აცნობეს, ფონდში,
დავით ბაქრაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ
რუსეთთან დიალოგის მზადყოფნა არაერთხელ დაადადსტურა, მასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა
და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში
გაწევრიანებას დათანხმდა, მიუხედავად ამისა, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი
კვლავ ოკუპირებული აქვს.
ამას გარდა, სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ საქართველოში
მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების სამზადისზეც გაამახვილა ყურადღება.
კონრად ადენაუერის ფონდში შეხვედრას პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძეც დაესწრო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით
ბაქრაძემ მის მიერ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭების საკითხი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს.
„ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ასეთი ტიპის
დისკუსიებია. აუდიტორიისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მოესმინა პასუხები
დასმულ შეკითვებზე, მათ შორის, ქართული
პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელოვანია, გერმანულმა
აუდიტორიამ დაინახოს, რომ ქვეყნისთვის
სასიცოცხლო საკითხები, როგორიცაა,
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და საქართველოს ევროკავშირთან
დაახლოება, ყველა ქართული პოლიტიკური ძალის პროორიტეტია,“ - განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარემ.
Internet.ge