მმართველი გუნდის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით,
მას შემდეგ, რაც ლაზიკასთვის სტატუსის მინიჭების
საკითხზე მსჯელობა, ექსპერტებთან ერთად დაიწყება, თვითმმართველობისა და საგადასახადო კუთხით, ბევრი ნოვაცია იქნება წარმოდგენილი, რომელიც სხვა თვითმმართველობაში არ არსებობს.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს კუბლაშვილმა განუცხადა, საგადასახადო რეჟიმი ლაზიკაში შედარებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, ამავდროულად, მას მაღალი დონის თვითმმართველობა ექნება.
მისი თქმით, საკითხის განხილვა რეგიონებშიც მოხდება
და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, მსჯელობა გაიმართება, თუ რა მიმართულებით დასჭირდება ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი. საკითხის განხილვა ექსპრტებთან ერთად სიღრმისეულად მოხდება.
„მნიშვლელოვანია, რომ ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდეს. თვითმმართველობის ნაწილში, ლაზიკას ფუნქციები სხვადასხვა მიმართულებით უნდა იქნეს გამორჩეული. ყველა საკითხს ორგანული კანონი დაარეგულირებს. მისასალმებელია, რომ საქართველოში ახალი და მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი შეიქმნას, რომელიც სწრაფად განვითარდება. ლაზიკაში ეკონომიკური ზრდის ისეთივე ტემპები იქნება, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს აქვს. კარგია, რომ ქვეყანა ვითარდება და უფრო კარგი იქნება, რომ ლაზიკასა და სხვა ქალაქებს სწარფი განვითარების საშუალება ექნებათ. ბუნებრივია, მე და თითოეული ქართველი ამ ქალაქს ვგულშემატკივრობთ“, - აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ,
რომ ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება და ამის გამო, საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილება შედის. ცვლილების ავტორი კი, პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილია.
Internet.ge