რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი სოჭში დაგეგმილ ტერაქტთან საქართველოს კავშირზე საუბრობს
რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ტერაქტს, რომელიც სოჭის ოლიმპიადის დროს იგეგმებოდა, შესაძლოა, საქართველოსთან ჰქონდეს კავშირი. ამის შესახებ „არგუმენტი ი ფაქტი“ წერს. კერძოდ, როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთისა და აფხაზეთის სპეცსამსახურებმა სოჭში იარაღის მსხვილი პარტიის შეტანის მცდელობა აღკვეთეს, ხოლო რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ ბომბებისთვის დეტონატორების მიწოდებაში, შესაძლოა, საქართველოს სპეცასამსახურები იყვნენ გარეულნი.
ამასთან, გამოცემა „პოსტაიმს რუ“ წერს, რომ ტერაქტებს „კავკასიის იმარატის“ ლიდერი დოკუ უმაროვი ამზადებდა, რომელიც რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, „მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს საქართველოს სპეცსამსახურებთან“.
როგორც ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენრტის განცხადებაშია ნათქვამი, „4-5 მაისს, რუსეთისა და აფხაზეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა ოპერატიული სამძებრო სამუშაოები ე.წ. „აფხაზური ჯამაათის“ ქვედანაყოფის, ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“ წინააღმდეგ, რის შედეგადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე, გამოვლენილია იარაღით, ასაფეთქებელი მოწყობილებებითა და საომარი ტექნიკით შეიაღაღებული, 10 საიდუმლო პირი,“.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ ასევე, დაადგინა, რომ ტერორისტები 2012-2014 წლისთვის ამ შეიარაღების სოჭში გადატანას გეგმავდნენ, რათა ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისთვის შეეშალათ ხელი.
Internet.ge