28-29 მარტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.
შეხვედრის ფარგლებში, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხები განიხილება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მოლაპარაკებებზე, ქართული მხარე საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.
„აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ეს პრობლემა ძალზედ მწვავედ დგას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გახშირებული პროვოკაციული ქმედებების განხორციელების ფონზე. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგების აუცილებლობას. ბუნებრივია დადგება იძულებით გადადგილებული პირებისა და დევნილების საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნის საკითხი. ჩვენ კიდევ დამატებით ვეცდებით, რომ თანათავმჯდომარეების ყურადღება გავამახვილოთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე მარიონეტული რეჟიმების მხრიდან სხვადასხვა პირების უკანონო დაკავებისა და მათი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე“,- განაცხადა კალანდაძემ.
Internet.ge