ძიძიგური: დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს არ უშვებენ
დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს არ უშვებენ. ამის შესახებ განცხადება, დღეს, კოალიცია “ქართული ოცნების“ წევრებმა ზვიად ძიძიგურმა, სოზარ სუბარმა და ელისო ჩაფიძემ გააკეთეს.
ძიძიგურის განცხადებით, მესაზღვრეები ტაძარში მომლოცვებს უკვე ერთ კვირაზე მეტია არ უშვებენ. კოალიციის წევრები ხელისუფლებისგან აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას ითხოვენ.
„ბიძინა ივანიშვილის დავალებით,
დავით გარეჯში გუშინ ვიმყოფებოდით. იმ ბილიკზე, საიდანაც უდაბნოს მონასტერშია შესასვლელი, ქართველი მესაზღვრეები დგანან და მის ტერიტორიაზე აღარავის უშვებენ. როდესაც მიზეზი ვიკითხეთ, პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ გვინდა, ხელისუფლებას ვკითხოთ: რა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი მათი მხრიდან ხალხის ზურგს უკან, თუ ისევ დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს, ეს გაცილებით ადრეც იყო, თუმცა მონასტერში შესვლისთვის პრობლემები არ შექმნილა. გვინდა, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ღია და გამჭვირვალე იყოს. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდეს,“- განაცხადა ძიძიგურმა.
კოალიციის წევრების განცხადებით, სასულიერო პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ამ ტერიტორიაზე როგორც ტურისტები, ისე მომლოცველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ე.წ. სადემარკაციო ხაზიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 6 მაისს გადმოიწიეს და მას შემდეგ აცხადებენ, რომ აქ სასაზღვრო ზოლი გადის.
Internet.ge