ოპოზიციონერი
დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.
დღეს პარლამენტში ცაგარეიშვილმა, შიდა ქართლის საჯარო სკოლებიდან დათხოვნილ პედაგოგებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.
დეპუტატის მტკიცებით, ნანი ივანაშვილი, მაია ცხადიაშვილი, ქეთევან ხარაზიშვილი, ციცინო ჯავახიშვილი, ია ბჟალავა, მაგული ბესიაშვილი და ცოლ-ქმარი – ნოდარ კილაძე და ნათელა ნოზაძე სამსახურებიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათი მეუღლეები „თავისუფალი–დემოკრატების” წევრები იყვნენ.
მისი თქმით, მასწავლებლებს „გაზონდირებული“ სკოლების დირექტორები დევნიან, რაშიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს.
„ჩვენი არც ერთი თანამებრძოლი მიტოვებული არ იქნება“, – აცხადებს
კანონმდებელი.
ყოფილი პედაგოგის, ია ბჟალავას მტკიცებით, იგი გორის მე-9 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, მისი მეუღლე კი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია, რაც სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
Internet.ge