პარლამენტის თავმჯდომარის,
დავით ბაქრაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი
დიდია, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ზარალის მთლიანად ასანაზღაურებლად.
დღეს სპიკერი, სტიქიის
შედეგად დაზარალებულ გურჯაანის რაიონს ეწვია, სადაც დაზარალებული მოსახლეობა
მოინახულა.
პარლამენტის პრეს-სამსახურის
ინფორმაციით, სპიკერმა ადგილზე დაათვალიერა დამეწყრილი, ქვა-ღორღით დაფარული
ადგილები და სოფლის მოსახლეობას აღდგენით სამუშაოებში სახელმწიფოს მხრიდან
დახმარება აღუთქვა.
მათი ინფორმაციით, სოფელ
კოლაგში ადიდებული წყლის და ღვარცოფის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას
საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწის სავარგულები დაუზიანდათ.
„ინფრასტრუქტურის
აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, საგზაო, სამაშველო და წყალმომარაგების
სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს სწავლობს. მას შემდეგ, რაც
მთლიანი სურათი გვექნება, ვიმსჯელებთ, რა სახის დახმარება გაეწევათ
დაზარალებულებს. მოსახლეობას დავეხმარებით და ინფრასტრუქტურას აღვადგენთ.
მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი მართლაც დიდია,
სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ზარალი მთლიანად ანაზღაურდეს,“ – დასძინა
ბაქრაძემ.
პარლამენტის
თავმჯდომარესთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კახეთის რეგიონის
სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
Internet.ge