საფრანგეთის პრეზიდენტისთვის სირიაში სამხედრო ჩარევა მისაღებია,
ოღონდ მხოლოდ გაეროს თანხმობის შემდეგ. ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა ტელეარხ „ფრანს
2“-ის ეთერში განაცხადა.
„სამხედრო ჩარევა გამორიცხული არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი
პირობით მოხდება: ის უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს, ანუ, სანქცირებული
უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ,“ - განაცხადა ოლანდმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სირიის პრობლემის გადაწყვეტა
სამხედრო გზით არაა აუცილებელი“. მისი თქმით, „უნდა მოინახოს სხვა გამოსავალი - აუცილებელია
სანქციების გამკაცრება“.
ოლანდი ამ საკითხს ვლადიმერ პუტინთან ერთად განიხილავს, რომელიც
პარიზს პარასკევს ეწვევა. სწორედ რუსეთს და ჩინეთს „აქვთ მეტ-ნაკლებად თავშეკავებული
პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით,“- აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ აშშ კონფლიქტის შემდგომი მილიტარიზაციის
წინააღმდეგია, თუმცა არც ამერიკული მხარე გამორიცხავს მოქმედების რომელიმე ვერსიას.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ გუშინ განაცხადა.
Internet.ge