მოსკოვში ტრიუმფალურ
მოედანზე მოძრაობა „სტრატეგია-31“-ის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის დარბევისას
დაკავებული „პუტინის მოწინააღმდეგის - ვალერი ცატუროვის მკურნალობაზე ექიმები უარს
ამბობენ“ - წერენ რუსული
გამოცემები.
სამოქალაქო აქტივისტი
ვალერი ცატუროვი, რუსეთის ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ნაცემია და
მრავლობითი დაზიანებებით ქალაქის მე-14 კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული,
თუმცა ექიმებმა უარი თქვეს მისთვის დიაგნოზი დაესვათ და დაედასტურებინათ ტრავმების
არსებობა მის სხეულზე. საუბარია, ქალა-ტვინის დახურულ ტრავმაზე,
ტვინის შერყევასა და ჰიპერტონიულ კრიზზე.
ცატუროვი, მისი
მოთხოვნის მიუხედავად, ქირურგიის ან ტრავმატოლოგიის განყოფილებაში არ გადაჰყავთ და
იგნორირებას უკეთებენ მის მდგომარეობას.
პოლიციის მიერ ცემის
ფაქტზე ცატუროვი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სარჩელის შეტანას აპირებს.
სულ, ტრიუმფალურ
მოედანზე გუშინ საღამოს 126 ადამიანი დააკავეს. მოძრაობა „სტრატეგია-31“-ის
აქცია ამჯერადაც არასანქცირებული იყო, რადგან ხელისუფლება, როგორც წესი, მოძრაობის
აქტივისტებს არასოდეს აძლევს მიტინგების ჩატარების უფლებას, რამდენადაც ისინი
შინაგან საქმეთა ორგანოებში კორუფციისა და გამოძალვის ტრადიციის წინააღმდეგ
გამოთქვამენ პროტესტს.
დაკავებულ 126
ადამიანს შორის, რომელთა უმრავლესობაც, როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები
იტყობინებიან, უკვე გაათავისუფლეს, იყვნენ 14 წლის მოზარდი და პენსიონერები,
რომელთაგან რამოდენიმეს პოლიციის განყოფილებებში, ჰიპერტონიული კრიზიც კი
დაემართა.
Internet.ge