გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, გაეროს საერთაშორისო დამოუკიდებელ კომისიას, სირიის სოფელ ჰულაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების ფაქტის გამოძიება დაავალა.
მკაცრ რეზოლუციას, რომელიც ჟენევაში მიიღეს, 47-დან 41-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ წავიდნენ: რუსეთი, ჩინეთი და კუბა, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს.
დოკუმენტი 25-26 მაისს ჩადენილ მკვლელობებში დამნაშავეთა დევნაზე სანქციას იძლევა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ სირიაში ძალადობის ესკალაცია გადაუდებელ გადამწყვეტ მოქმედებებს საჭიროებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, რომელიც თურქეთში, სირიის ოპოზიციის აქტივისტებს შეხვდა, განაცხადა, რომ სირია კატასტროფის ზღვარზე იმყოფება.
რუსეთის წარმომადგენელმა ჟენევაში კი აღნიშნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „ცალმხრივი და არაობიექტურია“ და სირიაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება, რამდენადაც ბრალი და პასუხისმგებლობა მხოლოდ დამასკოზეა გადატანილი.
თავად ოფიციალური დამასკო აცხადებს, რომ ჰულაში განხორციელებულ მასობრივ მკვლელობებში ამბოხებულთა ინტერესების შესაბამისად მოქმედი შეიარაღებული ჯგუფია დამნაშავე.
internet.ge