საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, გრიგოლ
ვაშაძისა და საშინაო საქმეთა ევროკომისარის სესილია მალმსტრომის შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ.
სავიზო
დიალოგის გახსნა ეფუძნება 2011 წლის 1 დეკემბერს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამავე გადაწყვეტილების
თანახმად,
2012 წლის
მარტში საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის ექსპერტთა მისიის ვიზიტი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დასაწყებად.
საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის
პროცესის თვალსაზრისით.
„დიალოგის გახსნისათვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებათა (ძალაშია 2011 წლის 1 მარტიდან) წარმატებული და ეფექტური იმპლემენტაცია. შეთანხმებათა განხორციელების პროცესი წარმატებულად შეფასდა, როგორც განვლილი ერთი წლის მანძილზე გამართული ერთობლივი კომიტეტების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის"
2011 წლის
ვარშავის სამიტისა და 2011 წლის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ. გარდა ამისა, საქართველოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები და რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და ეფექტურად წარმართვას“,-
აცხადებენ სამინისტროში.
დადგენილი
პროცედურების
თანახმად,
მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის თაობაზე შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის
გადმოცემას,
რაც მ.წ. შემოდგომაზე იგეგმება საშინაო საქმეების ევროკომისარის სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
სამოქმედო
გეგმით განისაზღვრება საქართველოს მიერ განსახორციელებელი
შემდგომი ღონისძიებები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სტანდართული ოთხი ბლოკის მიხედვით, რომლის წარმატებულად აღსრულების გზით, სამომავლოდ შესაძლებელი გახდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება.
internet.ge