"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ასპინძის რაიონის სოფელ ნიჯგორის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან მიტოვებულ სოფლებს მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება.
"ნიჯგორს არა აქვს სასმელი წყალი, გზა, ამბულატორია, XX, XXII კლასელები ასპინძის სკოლაში ფეხით დადიან, რადგან დაპირებული სასკოლო ავტობუსი თვალით აღარ უნახავთ, სოფლად გაძნელდა საქონლის შენახვა და მეცხოველეობით თავის რჩენა, არავის აქვს ფული, რომ იმკურნალოს, ახალგაზრდობა ვერც დასაქმების და ვერც ნორმალური ყოფის პერსპექტივას ხედავს, მაშ რატომ უნდა გაჩერდეს ნიჯგორელი მოსახლეობა სოფელში? ამიტომაცაა, რომ ყველა აქედან წასვლის შანსს ეძებს და ცდილობს პირველივე შემთხვევაში ეს შანსი გამოიყენოს"- აცხადებენ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები.
დავით გამყრელიძის თქმით, რეგიონის სოფლები დაუყოვნებლივ მისახედია და "ახალი მემარჯვენეები" მომავალ პარლამენტში სწორედ სოფლების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვენ.
"ქვეყნის ბიუჯეტი სოფლისკენ უნდა მოვახედოთ. ამას ქალაქების მოსახლეობაც გაგებით ხვდება, რადგან სოფელთან ყველას რაღაც აკავშირებს, ყველა კარგად ხვდება, რომ სოფლის გაჩანაგება ქვეყნის გაჩანაგების ტოლფასია",- განაცხადა დავით გამყრელიძემ.
internet.ge