პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის
შეფასებით, იმ ინიციატივაში, რომელიც აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გაახმოვანა არაფერია ანტირუსული.
როგორც ჟურნალისტებს
ბაქრაძემ განუცხადა, ნამდვილად არაფერია ანტირუსული იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ნორმალულად მოგზაურობის, საზღვარგარეთ წასვლის, განათლების მიღების საშუალება მიეცემათ, რომ მათ ნახონ რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო.
„ეს არის ყველაფერი ის, რასაც რუსეთი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება და ამიტომ, იყო მათი მხრიდან ასეთი გამწვავებული რეაქცია. რუსეთმა ამ ტერიტორიაზე,
ძალადობრივი და უკანონო გზით საკუთარი პასპორტები დაარიგა და დღემდე მის ოკუპაციას აგრძელებს. რუსეთი საერთაშორისო აზრს რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს, მით უფრო ღრმა ჩიხში შედის. იმის გამო, რომ დიდი ქვეყანაა მას შეუძლია რაღაც პერიოდი ჩიხში იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მასზე დიდი ქვეყნებიც კი ასეთ ჩიხში ყოფნას ვერ უძლებნდნენ. ამის მაგალითია თუნდაც საბჭოთა კავშირი, რომელიც ზუსტად ასე ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო აზრს აღმოსავლეთ ევროპასთან, აღმოსავლეთ გერმანიასთან, ბალტიისპირეთთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.
ჰილარი
კლინტონის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ამერიკის საელჩოები და საკონსულოები ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს მიიღებენ, რომლის საშუალებითაც აფხაზ და ოს ხალხს საშუალება ექნება ამერიკაში ისწავლონ ან იმოგზაურონ. რაც
შეეხება რუსეთის პოზიციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
განცხადებით, თბილისი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს ატყუებს.
internet.ge