„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან მიდის.
გავრცელებული ინფორმაციით, ნათელაშვილი უბრალოდ დაიღალა და პოლიტიკიდან
წასვლა გადაწყვიტა.
ლიდერის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებიბით
განცხადებას არ აკეთებენ „ლეიბორისტულ პარტიაში“.
პარტიის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც
ადასტურებს. „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას კი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი
გუგავამ განაცხადა, რომ ის ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
გუგავას თქმით, მას ახლა ის უფრო აწუხებს, რომ სიცხისგან დაიღალა და
დახუთული ჰაერია.
შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილი პოლიტიკაში ახლადმოსულ ბიძინა
ივანიშვილს დაუპირისპირდა. „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ 27 მაისის აქციას
კი, ნათელაშვილმა „ფულზე დახარბებული ხალხის თავყრილობა“ უწოდა და მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართველები
ფულზე ვიყიდებით“.
„ლეიბორისტული პარტია“ არსებობის 17 წელს ითვლის. ის 1995 წელს
დაფუძნდა. პარტიის ყველაზე დიდ წარმატებად 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება ითვლება, როდესაც მათ თბილისის
საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვეს. შალვა ნათელაშვილი ასევე რამდენჯერმე იყო საპრეზიდენტო
არჩევნებში „ლეიბორისტების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
Internet.ge