ხვალ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ,
რომლის მიხედვით, ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭება.
როგორც ბიუროს დღევანდელ
სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ განაცხადა, სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, საკმაოდ ბევრი საკითხია განსახილველი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები.
მისი
თქმით, საგაზაფხულო სესია ოფიციალურად 29 ივნისს, დაიხურება. თუმცა, მანამდე, ხვალინდელი სხდომის გარდა, კიდევ სამი სხდომა ჩატარდება.
არსებული ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი ლაზიკა ოთხ სხვადასხვა ზონას გააერთიანებს - საცხოვრებელ, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებს, ასევე ტურისტულ და სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს.
ამასთან, ლაზიკაში იქნება განსაკუთრებული იურისდიქცია და ეკონომიკური გარემო, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ლაზიკა სიდიდით მეორე ქალაქი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ავტორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
ლაზიკასთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი, ერთი თვის წინ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომლის წევრები არიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე კონსტიტუციონალისტები. ცვლილებებზე მსჯელობა ერთი თვის განმავლობაში, ექსპერტებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ამასთან, პროექტის ინიცირება ერთი თვის წინ მოხდა და მას საკანონმდებლო ორგანო საქმიანობის ამოწურვამდე დაამტკიცებს.
internet.ge