კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ აღასრულებს.
ივანიშვილი უარს ამბობს ჯარიმის გადახდაზე, რომელიც მას კონტროლის პალატის საჩივრის
გამო დაეკისრა.
როგორც ივანიშვილმა „გურია ნიუსს“
განუცხადა, ეს ყველაფერი აბსურდია და არ აპირებს ჯარიმა გადაიხადოს.
„მოსამართლე ვალდებულადაც აღარ თვლის თავს, ადვოკატს აუხსნას ვითარება იურიდიულად, კანონის საფუძველზე. ხსნიან მარტივად - ეს ხომ ყველამ იცის, ეს ხომ მისი ძმაა, ამ კომპანიასთან ხომ ადრე ჰქონდა რაღაც ურთიერთობა. ეს ისეთი აბსურდია, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება“ - განაცხადა
ივანიშვილმა.
ივანიშვილს არ აქვს პასუხი, რა იქნება ჯარიმის გადაუხდელობის
შემთხვევაში. „რა იქნება შემდეგ, ეს ხელისუფლებამ
უნდა თქვას“ - ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა
ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 11 ივნისს,
148 მილიონი ლარით დააჯარიმეს. ივანიშვილმა ეს თანხა შვიდი დღის განმავლობაში უნდა
გადაიხადოს. ჯარიმის გადახდა ნებაყოფლობითია. თუკი „ქართული ოცნების“ ლიდერი უარს იტყვის ჯარიმის გადახდაზე,
აღსრულების ეროვნული ბიურო სამართლის აღსრულების
იძულებით წესს გამოიყენებს და მის ქონებას ყადაღას დაადებს. ყადაღა ივანიშვილის
საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ვრცელდება,
რომელიც პოლიტიკოსს საქართველოში აქვს.
internet.ge