საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ოფიციალური ვიზიტით
უკრაინაში იმყოფებდა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ
იანუკოვიჩთან, პირველ ვიცე პრემიერ-მინისტრთან ვალერი ხოროშევსკისთან, საგარეო
საქმეთა მინისტრთან კოსტიანტინ გრიშჩენკოსთან, უმაღლესი საბჭოს (ვერხოვნა რადა)
თავმჯდომარესთან ვოლოდიმირ ლიტვინთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი
თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და არსებული ურთიერთობების შემდგომი
განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო-სამართლებრივი
ბაზის შემდგომ სრულყოფაზე, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების
მნიშვნელობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ ურთიერთობებს ეკონომიკის,
ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში და ხელს შეუწყობენ ორი
ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების ერთობლივ განხორციელებას.
მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეულ
შედეგებზე. განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური
საკითხები.
ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ
განცხადებას, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის
20 წლისთავთან დაკავშირებით და ოქმს „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის
მინისტრთა კაბინეტს შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის
შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ". შეხვედრის დასასრულს
გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
Internet.ge